„ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ოფისს თამაზ თამაზაშვილის შვილი უხელმძღვანელებს
„ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ოფისს თამაზ თამაზაშვილის შვილი უხელმძღვანელებს
18:34 29.03.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ოფისს პატიმრობაში მყოფი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის შვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი უხელმძღვანელებს.  ის საზოგადოებას კოალიციის ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა ოფისის გახსნაზე წარუდგინა.

თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის 11 ოქტომბერს სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება. დაცვის მხარე თამაზაშვილის დაკავებას ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრის, მისი სიძის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილის და მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დამსახურება აღნიშნა. ივანიშვილის განცხადებით, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მის მიმართ ხელისუფლებამ ორი სახის უკანონობა ჩაიდინა.

„აბსოლუტურად უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა და შემდეგ თამაზ თამაზაშვილი დაიჭირეს, სხვათაშორის სწორად გათვალეს, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ჩემს მარჯვენა ხელად მოიაზრებოდა“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

მისი განმარტებით, თამაზაშვილი მხოლოდ ერთი მიზეზით დაიჭირეს - ირაკლი ღარიბაშვილი ეიძულებინათ ივანიშვილის გვერდით აღარ ყოფილიყო.

„არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე და ირაკლის რამდენიმე დღე საკმაოდ რთული გვქონდა. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი - იქნებ ჯობდეს წახვიდე და მე გაგებით მოვეკიდები ყველაფერს. ის ამის შემდეგ ოჯახს მოელაპარაკა. მისმა სიმამრმა კი, ციხიდან შემოუთვალა, რომ არც კი ეფიქრა წასვლაზე და ის თავად გაუმკლავდებოდა ყველაფერს. თამაზ თამაზაშვილმა თავის პოზიციით გმირობა ჩაიდინა. აი ასეთი კაცის შვილი უხელმძღვანელებს ჩვენს შტაბს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა