„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დღეს პარლამენტის წინ გამართული აქციიდან მიმართა და თავისი პირობები წაუყენა.
ნათელაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკოსობა და ოპოზიციონერობა გადაწყვიტა, მაგრამ ის არა კონკრეტული პარტიების, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების კოლეგა და მეგობარი უნდა იყოს.
„მზად ვართ ის წვლილი, რაც მან მერაბიშვილ-სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის გაძლიერებაში შეიტანა, არ გავუხსენოთ, მაგრამ თუ დამოკიდებულებას არ შეიცვლის იძულებული ვიქნებით ის ვამხილოთ, რადგან ეროვნული საქმე ფუჭდება“-განაცხადა ნათელაშვილმა.
მთავარმა ლეიბორისტმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია არ ერთიანდება სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
„საარჩევნო კანონმდებლობა გაყალბების კოდექსია. თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა, ხვალ და ზეგ გვიან იქნება, გავიღვიძებთ და ქართული ოცნებაც და ფრანგული ოცნებაც გვერდზე დაგვრჩება“ - აღნიშნა ნათელაშვილმა.
პარტიის ლიდერის განმარტებით, არჩევნების შემდეგ, თეთრი სახლის წარმომადგენელი იტყვის, რომ დარღვევების მიუხედავად არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა. ნათელაშვილის აზრით, სწორედ ამიტომაა არჩევნების არჩევნებმდე მოგება საჭირო.
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ აქციაზე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ამ საკითხის რიგგარეშე სესიაზე განხილვის მოთხოვნა დააყენა. პარტიის ლიდერების თქმით, ამ მოთხოვნას პარტია წერილობით ხვალ შეიტანს პარლამენტში.
