გაეროს მშვიდობიანი ასამბლეისა და ასოციაციების სპეციალური მომხსენებელი,
მაინა კიაი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები იყო.
ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეხვედრას პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე, "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე და "ეროვნული ფორუმის" გენერალური მდივანი თემურ მაისურაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე გაეროს ადამიანის უფლებათა ოფიცერი პოლ პლანას კალიციო და უფროსი მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ვლადიმერ შკოლნიკოვი.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეშ დარღვევებზე. მათ გაეროს წარმომადგენლებს გადასცეს 2011 წლის 26 მაისისა და 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციების დარბევის სამართლებრივი დასკვნები ფოტო და ვიდეომასალასთან ერთად.
შეხვედრაზე საუბარი იყო აგრეთვე საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების თაობაზეც.
მხარეები მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.
