შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სერიოზული და საგანგებო მიზეზის გამო ვერ მოვიდა პარლამენტში.
ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კითხვა დასვა - რატომ არ იმყოფება სხდომათა დარბაზში ვანო მერაბიშვილი.
სხდომის წამყვანის გიგი წერეთელის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი მას სხდომის დაწყებამდე დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ვერ მოახერხა სხდომაზე მისვლა. მის ნაცვლად კი, დეპუტატებს პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე შეხვდება.
ოპოზიციონერმა ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე ვანო მერაბიშვილის არ მისვლა სიმართლისგან გაქცევად შეაფასა და შს მინისტრის მისვლა კატეგორიულად მოითხოვა.
სხდომის წამყვანმა ბაღათურიას განუმარტა, რომ შოუს მოწყობა არ გამოუვა და დეპუტატს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
სამთავრობო საათი პარლამენტში „ერთობა სამართლიანობისთვის“ ინიციატივით დაინიშნა.
