„ლეიბორისტული პარტია“ ხალხს ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს
„ლეიბორისტული პარტია“ ხალხს ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს
16:38 29.03.2012
ხელისუფლების გადადგომისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნით, დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

პარტიის პოლიტიკური მდივნის სოსო შატბერაშვილის თქმით, დღეს „ლეიბორისტული პარტია“ სააკაშვილს წითელ ბარათს აჩვენებს და აცხადებს, რომ იგი თავის ბანდასთან ერთად, ხელისუფლებდან უნდა წავიდეს.

მისივე განცხადებით, თუ არჩევნებში „ლეიბორისტული პარტია“ გაიმარჯვებს, ისინი უარს იტყვიან ნატო-ში გაწევრიანებაზე და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას დაიწყებენ, რადგან ნატო-სკენ სწრაფვამ საქართველოს ტერიტორიები დააკარგვინა.

აქციის მონაწილეებს შატბერაშვილმა წერილი აჩვენა, რომელიც მისი თქმით, აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა შალვა ნათელაშვილს მისწერა.

შატბერაშვილის თქმით, წერილში ნათქვამია, რომ ამერიკა ეხმარება სააკაშვილს და ამისთვის მათ საქართველოში ერთი მილიარდი აშშ დოლარი გადმორიცხეს, თუმცა, ეს დახმარება არც ერთ ქართულ ოჯახს არ მიუღია.

„ქართულ ოჯახებს დახმარების სახით უნდა მიეღო 1000 ლარი, თუმცა, მათ ერთი თეთრიც არ მიუღიათ. ეს ერთი მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა ფოიერვერკებში, ხელისუფლების სიამოვნებაში, გართობასა და მოგზაურობაში. ამიტომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება საქართველოში ლიდერი“ - განაცხადა შატბერაშვილმა.

როგორც აქციაზე აღინიშნა, „ლეიბორისტული პარტია“ ბრძოლას ბოლომდე აპირებს და მოუწოდებს ხალხს - გამოვიდს ქუჩაში და მხარი დაუჭიროს საპროტესტო აქციას, რადგან, პარტიის ლიდერების განცხადებით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ბეჭდვა