კუბლაშვილი – კონსტიტუცია არ დაგვირღვევია
კუბლაშვილი – კონსტიტუცია არ დაგვირღვევია
15:15 29.03.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, რეგლამენტში პარლამენტის სხდომებთან დაკავშირებული ნორმის დაზუსტება პოლიტიკურ განაცხადთან შესაბამისობაშია.
ჟურნალისტებთან საუბარში კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური განაცხადი არაერთხელ გაკეთდა და კონსტიტუციის არანაირ დარღვევასთან არ გვაქვს საქმე.
„ყველასთვის ცხადია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ქუთაისში იქნება როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხდომები. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა პლენარული სხდომა გამართოს როგორც ქუთაისში, ისე თბილისში“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მოქმედ კონსტიტუციაში განსაზღვრული არ არის პლენარული სხდომების ადგილი.
რეგლამენტში ცვლილებებით, დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც თბილისში ისე ქუთაისში.


ბეჭდვა