ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შედგა
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შედგა
13:25 29.03.2012
საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მიმდინარე მოპალარაკებების შედეგები, საქართველოსა და  ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მეცხრე პლენარული სესიის ფარგლებში განიხილეს.
სესიის ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შედგა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე შეთანხმების პრეამბულა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, შეჯამდა მესამე სამუშაო ჯგუფში (ფინანსური, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა) მიღწეული პროგრესი და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები.
საქართველოს დელეგაციას ქართული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ხელმძღვანელობდა. ევროპული მხარის დელეგაციას კი - ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდი.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" ჩაანაცვლებს. იგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას და თანამშრომლობას ახალ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე ითვალისწინებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსება ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და შეეძლოს ევროკავშირის შიდა ბაზრით სარგებლობა. ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში.

ბეჭდვა