„ქართული ოცნება“ - განადგურებული ძეგლების ადგილზე მსგავსი შენობების ხელახლა აშენება პოლიტიკურ დატვირთვას იძენს
„ქართული ოცნება“ - განადგურებული ძეგლების ადგილზე მსგავსი შენობების ხელახლა აშენება პოლიტიკურ დატვირთვას იძენს
12:45 29.03.2012
პოლიტიკურ კოალიცა „ქართულ ოცნებაში“ კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკების თაობაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებებს „ბუნდოვანად და ურთიერთგამომრიცხავად“ მიიჩნევენ.  ამის თაობაზე კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი განმარტებით, აღნიშნული განცხადებები საზოგადოებაში ბუნებრივ ვნებათაღელვას იწვევს.

„ვნებათაღელვას უპასუხისმგებლო ხელისუფლება მიზანმიმართულად შიდაპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად აღვივებს. ამ საკითხებზე საჯარო დებატებში ჩაბმული პირები ხშირად ემოციების ტყვეობაში ექცევიან და ნებით თუ უნებლიეთ, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში დაძაბულობის გაღვივებას უწყობენ ხელს“ - აცხადებენ კოალიციაში.

„ქართულ ოცნებაში“ ორი ქვეყნის ურთიერთობის ამა თუ იმ ისტორიული პერიოდითა და მოვლენით ყოველგვარ სპეკულაციებს კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ.
„იმ მომენტიდან, როდესაც ორმა ქვეყანამ ერთმანეთის სუვერენიტეტი და საზღვრები აღიარა, ორივე მათგანმა პოლიტიკური წარსული ისტორიას ჩააბარა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კოალიციის წევრთა აზრით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზე სახელმწიფოების შეთანხმება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და დროთა განმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილას მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას არ უნდა ითვალისწინებდეს, რადგან ეს უფრო პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, ვიდრე კულტურულს.
„ახლიდან შექმნილი ძეგლის ასლი არის ასლი და არა ძეგლი. შესაბამისად, ასეთი ქმედებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კი არ ვიცავთ, არამედ ძეგლს პოლიტიკური ისტორიის კონკრეტულ მონუმენტს ვუდგამთ“ - აცხადებენ კოალიციაში.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ყველა მიმდინარე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და სტრატეგიულ გააზრებას მოითხოვს. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ შეთანხმებაზე ხელმოწერამდე საზოგადოებას შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა ამცნოს.
კულტურული ძეგლების თაობაზე საქართველო-თურქეთს შორის მოლაპარალკებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში „აზიზიეს“ მეჩეთი აშენდება.

ბეჭდვა