ვანო მერაბიშვილი და თინა ბურჯალიანი დღეს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ
ვანო მერაბიშვილი და თინა ბურჯალიანი დღეს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ
10:00 29.03.2012
დეპუტატები პარლამენტში სამთავრობო საათზე შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თინა ბურჯალიანს დღეს მოუსმენენ.  
მთავრობის წარმომადგენლები სამთავრობო საათზე 16.00 საათზე მივლენ.
სამთავრობო საათი საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მოთხოვნით იმართება.
ოპოზიციონერ დეპუტატებს აინტერესებთ დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კანონი, როდესაც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს"-გან პრეზიდენტის მეუღლის საკუთრებაში არსებულმა რადიო "მუზამ" 2009–2010 წლებში, საჩუქრად 1 101 294 ლარი მიიღო.
დეპუტატებს შეკითხვა სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზეც აქვთ. კერძოდ, რა სახის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი იუსტიციის სამინისტროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
კანონმდებლებს აინტერესებთ რატომ ჭიანურდება დღემდე და რა ეტაპზეა ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი.
ვანო მერაბიშვილს დეპუტატები შეკითხვებს ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებისა და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის საქმეებზეც დაუსვამენ.
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატებს" აინტერესებს რატომ ხდება პოლიციის პოლიტიზება და რა მდგომარეობაა წინასწარი დაკავების ადგილებში.
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყოს და ამ უწყებაში შემავალი პოლიციისა და უშიშროების სტრუქტურები ცალ-ცალკე ჩამოყალიბდეს.

ბეჭდვა