გორში ხვალიდან "ქართული ოცნების" ოფისი ამუშავდება
გორში ხვალიდან "ქართული ოცნების" ოფისი ამუშავდება
18:41 28.03.2012
გორში დღეს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონული ოფისი გაიხსნა. მის ხელმძღვანელად თამაზ შიოშვილი დაინიშნა.

თამაზ შიოშვილის განმარტებით, კოალიციის გორის ოფისი მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

"შემოდგომისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით. 6-7 თვე მოსამზადებლად საკმარისი დროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გზით დავამარცხოთ" - აღნიშნა შოშიაშვილმა.

ღონისძიებას კოალიციის ლიდერები დავით ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გუბაზ სანიკიძე ესწრებოდნენ. მათ ოფისის წინ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.

"წარსული და მომავალი ერთადერთ რამეს მოითხოვს ჩვენგან - შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს საარჩევნო ყუთთან მივიდეთ და მიხეილ სააკაშვილის ანტიეროვნულ ხელისუფლებას "არა" ვუთხრათ" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წლის მოვლენების შედეგად ყველაზე მეტი სწორედ გორის მოსახლეობამ გადაიტანა.

"გორი ის ადგილია, სადაც საქართველოს 2008 წელს თავი მოგვეჭრა. ამ კატასტროფის ყველაზე მძიმე კადრი ქვეყნის მთავარსარდლის კადრია. გორში ჩვენ მას საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი" - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ბეჭდვა