საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნით "ლეიბორისტული პარტია" ხვალ 15.00 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განუცხადა, არჩევნების გასაყალბებლად ხელისუფლება აქტიურად ემზადება, ამიტომ, რაც უფრო მეტი ხალხი მივა აქციაზე გაყალბებაც ნაკლები იქნება.
"მოვითხოვთ საარჩევნო გარემოს შეცვლას, რათა დღეისთვის მოქმედი კანონებით წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში არ გვიკრან თავი. თუ ხვალ ცოტა ხალხი გამოვა, ხელისუფლება იფიქრებს, რომ არჩევნების გაყალბება შერჩება"- განუცხადა "ნიუსპრესს" ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ხვალინდელ აქციაზე დასწრება ყველა მოქალაქისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხია.
"აქცია თუ მცირერიცხოვანი იქნება, ეს პარტიის პრობლემა არაა. მიტინგი არ იმართება ჩვენი რეიტინგის ასამაღლებლად. ეს არის ეროვნულ-ისტორიული საქმე. მაგალითად, თუ ხვალ მოვიდა 30 000 კაცი, შესაძლოა, ხელისუფლება ხვალვე სახლში გავუშვათ, თუ არ მოვლენ, მერე არ დამემდურონ - შენ არ დაგვიძახე და იმიტომ არ გამოვედითო" - აღნიშნა ნათელაშვილმა.
მისი განმარტებით, ხვალ დაგეგმილ აქციას "ლეიბორისტული პარტია" დაუმორჩილებლობის აქციების ციკლის ფარგლებში მართავს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და პერმანენტული სახე აქვს.
