ტუღუში - გასული წელი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებით გამოირჩეოდა
ტუღუში - გასული წელი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებით გამოირჩეოდა
17:50 28.03.2012
2011 წელი სახალხო დამცველის აპარატის მიერ ადრესატი დაწესებულებებისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ზრდის ტემპით გამოირჩეოდა.

ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნული განცხადება დღეს მედიისთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2011 წლის ანგარიშის ძირითადი ნაწილის გაცნობისას გააკეთა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარტის მიერ მიცემული რეკომენდაციების შედეგად, მთელი რიგი მიმართულებით კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორისაა უმცირესობების უფლებების და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით მიღწეული შედეგები.

"ადრე თუ გვიწევდა საუბარი, რომ სახალხო დამცველს არ უსმენენ, ეს ტენდენცია შეიცვალა. მთელ რიგ რეკომენდაციებს უკვე ყურადღებით ეკიდებიან" - განაცხადა ტუღუშმა.

თუმცა, მისივე თქმით, ამის პარალელურად, ბევრი რეკომენდაცია არ გათვალისწინებულა. ტუღუშმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ხშირად მათ რეკომენდაციებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების დაწესებულებეი არ ითვალისწინებენ.


ბეჭდვა