კოალიცია "ქართული ოცნება" ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორის რეზო საყევარიშვილის თანამდებობიდან
გადადგომასთან დაკავშირებით, გამომცემლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს.
როგორც "ქართული ოცნების" განცხადებაშია ნათქვამი, "ფორბს ჯორჯიას" გამომცემლობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კონფლიქტს სხვა მიზეზი აქვს და საყევარიშვილი თავად გამომცემლობამ გაათავისუფლა, სრულიად არაკომპეტენტურია და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა.
"ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული გამომცემლის მოქმედების ნამდვილი მიზეზი ცნობილია - კიდევ ერთხელ დაიბლოკოს ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი აქტიურობა. კოალიცია "ქართული ოცნება" მხარდაჭერას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვისთვისაც თავისუფალი მედია ძვირფასია" - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
"ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორის რევაზ საყევარიშვილის განცხადებით, თანამდებობა მან ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში ბარიერების შექმნის, კერძოდ, დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა.
სააქციო საზოგადოება "მედია პარტნერსი" კი, რომელიც ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" საგამომცემლო უფლებას ფლობს, ყოფილი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მისი მხრიდან საგამომცემლო ეთიკის უხეშ დარღვევას ასახელებს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება "ფორბს ჯორჯიას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მათი ინფორმაციით, "მედია პარტნერსმა" რევაზ საყევარიშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება 26 მარტს მიიღო.
