დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ კანცელარიასთან აქცია გამართა
დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ კანცელარიასთან აქცია გამართა
15:35 28.03.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ" დევნილთა შემწეობის ოდენობის გაზრდის მოთხოვნით, მთავრობის  კანცელარიასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციაზე მოძრაობის თავმჯდომარემ მანუჩარ სიგუამ აღნიშნა, დევნილებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული 22 და 28 ლარიანი დახმარება საკმარისი არ არის, რადგან მათ არ აქვთ სტაბილური სამუშაო ადგილი, სოციალურად დაუცველის პაკეტი და სახელმწიფო დაზღვევა.

"პროდუქტზე კატასტროფულად არის ფასები გაზრდილი. ეს ყველაფერი დევნილებისთვის შიმშილს ნიშნავს" - აღნიშნა სიგუამ.

"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" ხელისუფლებისგან 22 და 28 ლარიანი შემწეობის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას ითხოვს, რაც დღეისთვის სახელმწიფომ 157 ლარით განსაზღვრა.

დევნილთა აქციას საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციისა და ორგანიზაცია "ვეტერანები ვეტერანებისთვის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" შემდეგი აქციის გამართვას აპრილში, სავარაუდოდ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გეგმავს, სადაც ინფორმაციას დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე წარმოადგენს.

ბეჭდვა