პარლამენტის პრეს-სამსახური ბაქრაძის მიერ იერუსალიმის პატრიარქისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
პარლამენტის პრეს-სამსახური ბაქრაძის მიერ იერუსალიმის პატრიარქისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
15:32 28.03.2012
საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ, იერუსალიმის პატრიარქისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბერძნული მედიის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამ შეხვედრის გაშიფრულ ტექსტს ავრცელებს.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის მაკა გიგაურის განცხადებით, დავით ბაქრაძემ იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამესთან ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში ჯვრის მონასტრის საკითხი არაერთხელ დასვა.
ქართულ თარგმანის მიხედვით, ბაქრაძე თეოფილე მესამესთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ ბევრი ქართველისთვის ჯვრის მონასტერი ისტორიული, ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ადგილია.
"ჩვენ ამ პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების თქვენთან შეთანხმება გვსურს. საინფორმაციო სააგენტოების მხრიდან არაერთი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ. მჯერა, რომ ყველა ეს პროცესი მონასტერთან მიმართებაში თქვენი საკუთრების უფლებისადმი პატივისცემით წარიმართება" – აცხადებს ბაქრაძე.
მისივე თქმით, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება, განსაკუთრებით რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო ისრაელში, პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელებით არის დაკავებული.
"ძალიან დიდი მადლობა განმარტებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უახლოეს წარსულში ბევრ უადგილობას ვაწყდებოდით. ეს მგრძნობიარე საკითხია, როგორც თქვენ მას უწოდეთ" – აცხადებს თეოფილე მესამე ბაქრაძესთან შეხვედრისას.
ბაქრაძე ისრაელში 13–17 მარტს იმყოფებოდა.

ბეჭდვა