ეკა ტყეშელაშვილი - სამწუხაროა, რომ უპასუხისმგებლო განცხადებებით ოპოზიცია მარიონეტულ რეჟიმს სათქმელს აძლევს
ეკა ტყეშელაშვილი - სამწუხაროა, რომ უპასუხისმგებლო განცხადებებით ოპოზიცია მარიონეტულ რეჟიმს სათქმელს აძლევს
14:57 28.03.2012
საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან დაკავშირებით არამარტო მარიონეტული რეჟიმის, არამედ რუსეთის მხრიდანაც ხშირად კეთდება აფსურდული განცხადებები - აღნიშნა  რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა, აფხაზური მხარის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

აფხაზური მხარის თქმით, ისინი ჟენევის მოლაპარაკებებზე აპირებენ საკითხის დასმას, რომელიც სამეგრელოში უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.

"სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები თავისი უპასუხისმგებლო განცხადებებით მარიონეტულ რეჟიმს სათქმელს აძლევენ, თითქოს საქართველოში უკანონობა ხდება" -განაცხადა ტყეშელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის როგორც ქართველისთვის დასანანია, როდესაც ასეთი განცხადებებით რიგი საკითხების პროვოცირება ხდება.

როგორც ცნობილია, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებები ყალიბდება, რომლის გამოყენებასაც ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გეგმავს.

ბეჭდვა