კიკვიძის ბაღში მორიგი აქცია გაიმართა
კიკვიძის ბაღში მორიგი აქცია გაიმართა
18:00 11.02.2012
კიკვიძის ბაღის შესაძლო გაჩეხვა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქცია ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფისა" და "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა.  
როგორც "ნიუსპრესს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მსგავსი შეკრებები სისტემატურ ხასიათს მიიღებს. მისი თქმით, გაჩეხვა თბილისში ერთ-ერთ უკანასკნელ ბაღსაც ემურება, რადგან პოლიციის შენობის შესაძლო მშენებლობისთვის ბაღის 1/3-ია შემოსაზღვრული.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციებთან ერთად ისინი სარჩელებისა და საჩივრების სახით სამართლებრივ მექანიზმებსაც გამოიყენებენ.
"თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამწვანებული ქალაქია მსოფლიოში. ამიტომ აქ ხეები კი არ უნდა იჩეხებოდეს და მათ ადგილას პოლიციის და სხვა შენობები შენდებოდეს, არამედ პირიქით, გამწვანებული ტერიტორიების ფართობი უნდა იზრდებოდეს. ჩვენთან კი საპირისპიროს ვხედავ. პოლიციას ყველაზე გამოსაჩენ ადგილას აშენებენ, თუნდაც ეს იყოს ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
კიკვიძის ბაღში მორიგი საპროტესტო აქცია 16 თებერვალს არის დაგეგმილი.

ბეჭდვა