საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატები" შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეკითხვებს პოლიციის პოლიტიზირების საკითხზე დაუსვამენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.
"პოლიციის რეფორმა წარმატებულად ვერ ჩაითვლება მანამ, სანამ მისი თანამშრომლები "მიშა, მიშას" სკანდირებენ" – განაცხადა ახვლედიანმა.
იგი ხელისუფლებას მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყოს და ამ უწყებაში შემავალი პოლიციისა და უშიშროების სტრუქტურები ცალ–ცალკე ჩამოყალიბდეს.
"ქრისტიან–დემოკრატები" წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.
ახვლედიანის თქმით, "პოლიციის შუშის შენობების სარდაფებში უმძიმესი მდგომარეობაა, რაზეც "ქრისტიან-დემოკრატები" შს მინისტრისგან განმარტებებს ითხოვენ.
პარლამენტში, სამთავრობო საათი, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით იმართება. 29 მარტს, პარლამენტში შს მინისტრია მიწვეული.
