ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გარკვევას ხვალ დეპუტატები შეეცდებიან
ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გარკვევას ხვალ დეპუტატები შეეცდებიან
13:43 28.03.2012
ოპოზიციონერი დეპუტატები ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გარკვევას ხვალ პარლამენტში შეეცდებიან,  თუ სამთავრობო საათზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გამოცხადდება.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებს აინტერესებთ რა ეტაპზეა ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი და რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი.
ოპოზიციის კითხვები ასევე შეეხება პრეზიდენტის ოჯახს, კერძოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრეზიდენტის დედის საკუთრებაში გადასვლის კანონიერებას.
დეპუტატებს ასევე აინტერესებს დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კანონი, როდესაც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს"-გან პრეზიდენტის მეუღლის საკუთრებაში არსებულმა რადიო "მუზამ" 2009-2010 წლებში ჯამში საჩუქრად 1 101 294 ლარი მიიღო.
ოპოზიციურ ფრაქციას გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზეც აქვს შეკითხვა. კერძოდ, რა სახის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი სამინისტროს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
რაც შეეხება შს მინისტრს, დეპუტატები ვანო მერაბიშვილს კითხვებს ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებისა და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის საქმეებზე დაუსვამენ.
29 მარტს ვანო მერაბიშვილის პარლამენტში მისვლა უკვე გადაწყვეტილია, რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის მოადგილის მისვლას, ჯერ ცნობილი არ არის მივა თუ არა სამთავრობო საათზე ზურაბ ადეიშვილის რომელიმე მოადგილე.

ბეჭდვა