გრიგოლ ვაშაძე შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
11:54 28.03.2012
საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფედერალურმა კანცლერმა ბურკჰალტერმა შეხვედრაზე ისაუბრეს.

სეულში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა შვეიცარიის კონფედერაციის საშუამავლო მისიის მნიშვნელობას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხში.

სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრები გამართა მაროკოს სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრთან საად ედდინ ელ ოთმანისთან და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმედ დავუთოღლუსთანაც.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აქტუალური თემები განიხილეს. იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს, მაროკოსა და თურქეთის ურთიერთქმედების საკითხებზე.

2012 წლის 26-27 მარტს სეულში ბირთვული უსაფრთხოების რიგით მეორე სამიტი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 59 ქვეყნის დელეგაცია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.


ბეჭდვა