პარტიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ამას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის განხილვა პარლამენტში ამ კვირაში იგეგმება.
ცვლილებების თანახმად, წლის განმავლობაში პარტიის, ბლოკის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს.
ცვილებებით, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებისთვის, რომელიც საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას უკავშირდება.
კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხუთშაბათს იმსჯელებს, 30 მარტს კი, მას პლენერულ სხდომაზე განიხილავენ.
