საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სეულის სამიტზე მსოფლიო ლიდერებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფრთხეების ასაცილებლად საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, სამიტზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში არსებულ რეალურ საფრთხეებზე.
პრესსპიკერის განცხადებით, სააკაშვილმა იმ საშიშროებაზე ისაუბრა, რაც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო შეიქმნა.
"გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მთავარი აქცენტი ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობაზეც გააკეთა" - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ხვდება. დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა.
სამიტის მონაწილეები ერთობლივ კომუნიკეს მიიღებენ.
