საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" კახა მიქაიას დაპატიმრებას ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს.
როგორც ლიგაში აცხადებენ, მათი ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას დაპატიმრება არსებული ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დასჯის კიდევ ერთი მაგალითია.
"კახა მიქაია ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ხელისუფლება და საკუთრივ "ახალაიების კლანი" უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის მცდელობაში ამხილა. სავარაუდოდ, მისი დაპატიმრებაც ამ ფაქტს უკავშირდება"- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მიქაია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, სერგო ჩაჩიბაიას დაპატიმრებას აპროტესტებდა, რომელსაც სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა სწორედ ახალაიების კლანთან შეურიგებელი პოზიციის გამო შეუფარდა.
საზოგადოებრივ მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგას" მიაჩნია, რომ ხელისუფლების რეპრესიების გაძლიერების ფონზე, საყოველთაო სოლიდარობის იდეა თითოეული მოქალაქის თავისუფლების დასაცავად კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
კახა მიქაია დღეს, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს დააკავეს. მას სავარაუდოდ, ბრალს წვრილმანი ხულიგნობისთვის დღეს ან ხვალ წაუყენებენ.
