საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებს ისრაელში
რუსულენოვანი საიტი, რომელსაც საქართველოზე პროვოკაციების გავრცელების წარმატებული პრაქტიკა აქვს.
ჟურნალისტებთან საუბარში ბაქრაძემ განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტის დროს მან ყველა დონის შეხვედრაზე დააყენა ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი. მას საუბარი ჰქონდა ქნესეთის თავმჯდომარესთან, პრემიერთან, რელიგიის სახელმწიფო მინისტრთან, პარლამენტის წევრებთან და მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან.
"ამ საკითხზე დაწვრილებით ვისაუბრეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავარი შეხვედრა კი, იერუსალიმის პატრიარქთან იყო. სხვათაშორის, ბოლო პერიოდში არ მინახავს არც ერთი კომენტარი, რომ ისრაელი ამ შეხვედრებს უარყოფს, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია" – განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა, არავინ იცის, პროცესი როდის დასრულდება.
"იერუსალიმის საპატრიარქოს განვიხილავთ როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორს. რთულია ვილაპარაკოთ როდის დადგება შედეგი, შემიძლია დავადასტურო, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება"– განაცხადა ბაქრაძემ.
