კოალიცია „ქართული ოცნება“ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებს არაპროდუქტიულს უწოდებს.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის, კერძოდ, სოციოლოგიური კვლევების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება, არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისთვის კონტრპროდუქტიული გახდა.
„ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა“- აღნიშნულია განცხადებაში.
კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალები უახლოეს პერიოდში აშშ-ს მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს წერილობით მიმართავენ, სადაც საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე წინადადებები იქნება ასახული.
