ლორთქიფანიძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილის მისვლას მოითხოვს
ლორთქიფანიძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილის მისვლას მოითხოვს
12:57 27.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის რომელიმე მოადგილის მისვლას და დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს.
"29 მარტს, სამთავრობო საათზე იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება მნიშვნელოვანი იქნებოდა. თუ ზურაბ ადეიშვილი ვერ მოვა, რადგან მივლინებაში მიდის, აუცილებელია ამ კითხვებზე პასუხი მისი სახელით რომელიმე მოადგილემ გაგვცეს" – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე დეპუტატს დაპირდა, რომ ფრაქციას დამატებით აცნობებს მივა თუ არა მინისტრის რომელიმე მოადგილე სამთავრობო საათზე.
29 მარტს, სამთავრობო საათზე ოპოზიციური ფრაქციის შეკითხვებს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უპასუხებს.
შს და იუსტიციის მინისტრებთან ოპოზიციურ ფრაქციას 10 შეკითხვა აქვს. ეს ეხება პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საქმიანობას, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებას და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის დაკავებას.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ლორთქიფანიძემ დეპუტატებს შეახსენა, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალქეობის აღდგენის საკითხზე ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების ვადა 5 აპრილს იწურება.

ბეჭდვა