„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა ქვეყანაში არსებული უმუშევრობისთვის ხელისუფლებას განაჩენს გამოუტანს.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ NDI-ის კვლევებით დასტურდება, რომ მთავრობა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, სხვა ქვეყანას მართავს და სხვა პროგრამებს ახორციელებს.
ვეფხვაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, თავად მთავრობის მონაცემებით, სიღატაკეში ცხოვრობს.
“შრომისუნარიანი მოსახლეობის 60%-ია უმუშევარი და არა 15%, რასაც პრემიერ-მინისტრი ამ ტრიბუნიდან ამტკიცებდა. მთავრობა ეკონომიკური წარმატებებით ატყუებს და აბრუებს მოსახლეობას” – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ საქართველოს მოსახლეობა 10 წლის წინ, როგორ ღატაკადაც მიიჩნევდა თავს, ასევე მიიჩნევს დღესაც.
