NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს. ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრებმა განაცხადეს.
კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხვის შედეგი ასეთია - ნაციონალური მოძრაობა 47%, „ქართული ოცნება“ - 10%-ზე მეტი და „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ –3%.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, კვლევამ ცხადყო, რომ ქვეყანაში უმთავრესი პრობლემა უმუშევრობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა.
„მოსახლეობა ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პრობლემებს მოაგვარებს. ეს დამატებით პასუხისმგებლობას გვაკისრებს იმისათვის, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ იმ საკითხების მოსაგვარებლად, რაც მოსახლეობას აწუხებს“ – აღნიშნა გაბაშვილმა.
პარტიული რეიტინგების შესახებ NDI-ში კომენტარს არ აკეთებენ. პარტიული კვლევები NDI–ს ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ნაწილს გუშინ გააცნო.
NDI–მ კვლევა, 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 3,161 რესპონდენტი გამოკითხა.
