საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორეის დედაქალაქ სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ხვალ სიტყვით გამოვა.
პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით ადრე დილით, დაახლოებით 7.00-8.00 საათისთვის იგეგმება.
სააკაშვილი მონაწილეებს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხედვას გააცნობს და ასევე ინფორმაციას მიაწვდის იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მიმართულებით გადადგეს.
სეულში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. ოფიციალური სადილის დაწყებამდე კი, საქართველოს პირველი პირი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას, ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის, ფინეთის პრეზიდენტს და შვედეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, თურქეთის პრემიერ-მინიტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ასევე ნორვეგიისა და ტაილანდის პრემიერ-მინისტრებს გაესაუბრა.
სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა მონაწილეობს.
სამიტზე ბირთვული იარაღის ტერორისტული ჯგუფებისგან დაცვის მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მონაწილეები ასევე სხვადასხვა თემებზე იმსჯელებენ - თანამშრომლობა ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ბირთვული იარაღის დაცვა და ბირთვული მასალებით უკანონოდ ვაჭრობის აღკვეთა.
