საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, ოფიციალური სადილის დაწყებამდე,
სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს პირისპირ ესაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს პირველი პირი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის, ფინეთის პრეზიდენტს და შვედეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, თურქეთის პრემიერ-მინიტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ასევე ნორვეგიისა და ტაილანდის პრემიერ-მინისტრებს გაესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტსა და პლენარულ სესიაში მონაწილეობს.
ოფიციალური ინფორმაციით ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.
პრეზიდენტი სამიტზე ხვალ სიტყვით გამოვა და სამიტის მონაწილეებს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხედვას გააცნობს. ასევე ინფორმაციას მიაწვდის, იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც ქართველმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მიმართულებით გადადგეს.
