პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური პარტიებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითი რამდენიმე დღის წინ "თავისუფალი დემოკრატების" წევრის სერგო ჩაჩიბაიას დაპატიმრების ფაქტია.
"ჩვენი პოლიტპატიმრების უმრავლესობა 353-ე მუხლით უკანონოდ იხდის სასჯელს. დიდია ეჭვი, რომ სერგო ჩაჩიბაიას შემთხვევაშიც პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონდა ადგილი და ის სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო დააპატიმრეს" - ნათქვამია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია ერთიანი არ იქნება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების მიმართ ზეწოლას და ტერორს გააძლიერებს.
"მხოლოდ ერთიანი, რეალურად მებრძოლი ოპოზიციური ძალების გაერთიანების შემთხვევაშია შესაძლებელი არსებული რეჟიმის დამარცხება და ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება"- ნათქვამია განცხადებაში.
"ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძის განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი სერგო ჩაჩიბაია ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციიის მიწოდების გამო დააკავეს.
ფანჯიკიძის თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ სწორედ ჩაჩიბაიაა ის ადამიანი, ვინც ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიას ინფორმაცია მიაწოდა.
