აფხაზეთში ქართული ძეგლების აღდგენის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას ეცნობება
აფხაზეთში ქართული ძეგლების აღდგენის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას ეცნობება
17:40 26.03.2012
აფხაზეთში ქართული კულტურული ძეგლების კვალის შესაძლო წაშლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწვდის.
დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის ინიციატივა გააპროტესტა, რომელიც ქართული კულტურული ძეგლებისთვის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას შეეხება.
დავითაიას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის იუნესკომ, კონტროლი უნდა განახორციელოს, რათა რესტავრაციის დროს ქართული კვალი არ წაიშალოს.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ მართლა ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენაზეა საუბარი, ქართული მხარე ამას 100%-ით მხარს დაუჭერს. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ სინამდვილეში ეს არის ისტორიის წაშლისა და შეცვლის მცდელობა, რაც დანაშაულია.
ბიუროს სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაევალა, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება მოამზადოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

ბეჭდვა