"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტი 30 მარტს განიხილავს.
სხდომაზე წარდგენამდე კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილება.
კანონპროექტი პარტიის ფინანასებთან, შემოწირულობასთან და ფინანსური საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
კანონპროექტზე მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ერთი თვე მიმდინარეობდა.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კანონში თვისობრივი ცვლილება არ მოხდება და მხოლოდ ის კითხვის ნიშნები მოიხსნება, რომლებიც სხვადასხვანაირად მის ინტერპრეტაციას ეხება.
საკანონმდებლო ინიციატივად დარეგისტრირდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული წინადადებები. პროექტში ისეთი საკითხებიც არის, რომელსაც კომიტეტი არ ეთანხმება და მათზე მსჯელობა გაგრძელდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დღეს დავით ბაქრაძეს კანონპროექტის პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსების წინადადებით მიმართა, რათა მისი ნახვის საშუალება ყველას ჰქონდეს.
კანონპროექტი ოფიციალურად დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
