პარლამენტში მერაბიშვილისა და ადეიშვილის მისვლის საკითხი ხვალ გაირკვევა
პარლამენტში მერაბიშვილისა და ადეიშვილის მისვლის საკითხი ხვალ გაირკვევა
17:10 26.03.2012
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ სამთავრობო საათზე შს და იუსტიციის  მინისტრების მისვლა მოითხოვა.

ლორთქიფანიძის განცხადებით, რეგლამენტის თანახმად, 29 მარტს სამთავრობო საათზე მინისტრების მისვლის შესახებ ფრაქციის მოთხოვნა უკვე დაისვა.

უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის აზრით, ფრაქციის წევრებს სამთავრობო საათის მოწვევა ერთი კონკრეტული ადამიანის წინაშე თავმწონების მიზნით სურთ და მინისტრები მათი შოუს ნაწილი არ უნდა გახდნენ. აქედან გამომდინარე, ცისკარიშვილი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პარლამენტში მისვლის წინააღმდეგია.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საორგანიზაციო დეპარტამენტს დაავალა, დაადგინონ შეძლებენ თუ არა ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი 29 მარტს პარლამენტში გამოცხადებას. ამის თაობაზე ინფორმაცია ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი.

შს და იუსტიციის მინისტრებთან ფრაქციას 10 შეკითხვა აქვს. კითხვები პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საქმიანობას, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებას და ჟურნალისტ სოფო ნიკოლეიშვილის დაკავებას ეხება.

ბეჭდვა