საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. "არჩევნების" ხელახალი ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს მიმდინარე პროცესების რუსეთის ფედერაციის სრული კონტროლის ქვეშ ყოფნას
- აღნიშნულ განცახდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და მათმა მარიონეტულმა რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. "საპარლამენტო არჩევნების'' მეორე ტური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იქ არსებულ განუკითხაობას.
"დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტების წარმოჩენის გზით, რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს ე.წ. "არჩევნების" შედეგების ლეგიტიმაციას და ამგვარად ასობით ათასი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და ძალადობრივი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების დაფარვას" - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყებაში აცხადებენ , რომ საოკუპაციო რეჟიმები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ყოველდღიურ დარღვევას განაგრძობენ. მდგომარეობას განსაკუთრებით ის ფაქტი ართულებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებული მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა.
"საერთაშორისო ორგანიზაციები და რიგი ქვეყნები მათ მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებების სახით ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ცალსახა მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ ე.წ. "არჩევნები" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას" - აცხადებენ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ჯეროვნად შეაფასოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ორგანიზებული და განხორციელებული ფარსი და განაგრძოს რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა, რათა მან შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.
