ფანჯიკიძემ სააკაშვილის მიერ დიპლომატების კრიტიკას ხელისუფლების დასასრულის მოახლოება უწოდა
ფანჯიკიძემ სააკაშვილის მიერ დიპლომატების კრიტიკას ხელისუფლების დასასრულის მოახლოება უწოდა
13:41 26.03.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დიპლომატების კრიტიკას  ხელისუფლების დასასრულის მოახლოება უწოდა.

როგორც დღეს ბრიფინგზე ფანჯიკიძემ განაცხადა, ხელისუფლებამ საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ გაუგონარი რიტორიკა გამოიყენა.

"ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ხვდება, რომ ქვეყნის სათავეში ყოფნა დიდხანს აღარ უწერია" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მსგავსი ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები წაგებული აქვს.

რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას - არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ, ფანჯიკიძემ მას დადებითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ სამწუხაროა, როცა მსგავს თემებზე პატრიარქს უწევს საუბარი.

"ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს საარჩევნო გარემო არანაირ დემოკრატიულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და თვით პატრიარქიც კი იძულებულია, თავისი დრო და ენერგია დაუთმოს საკითხს, რომელიც ეკლესიას პრაქტიკულად არ ეხება" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ, საპატრიარქოში დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.

ბეჭდვა