ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ე.წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს ეთნოწმენდის დაკანონების მცდელობას უწოდებს.
როგორც შოთა მალაშხიამ "ნიუსპრესს" განუცხადა, რუსეთი თავისი მენტალიტეტით საბჭოთა იმპერიის მენტალური გაგრძელებაა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება უარყოფითად აფასებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არჩევნებს.
"ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჰიტლერს ჩაეტარებინოს ჰოლოკოსტიის დროს არჩევნები ებრაელებისთვის და ეთქვას ყველაფერი წყნარად მიმდინარეობსო" - განაცხადა მალაშხიამ.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამხრეთ ოსეთში 84 საარჩევნო უბანია გახსნილი და სულ 34 360 მოქალაქეა არჩევნებზე რეგისტრირებული. ე.წ პრეზიდენტობისთვის უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი, კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი, ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი და რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი დიმიტრი მედოევი იბრძვიან. დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საარჩევნო პროცესი სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
