სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველად შედეგებს დე-ფაქტო საარჩევნო კომისია დღეს საღამოს გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ ე.წ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა პლიევამ განაცხადა.
"უფრო სრულყოფილი ინფორმაცია ხვალ დილით 11:00 საათზე გახდება ცნობილი. ცოტა მოგვიანებით არჩევნების მსვლელობის პროცესს დამკვირვებლები შეაფასებენ" - აღნიშნა პლიევამ.
მისივე თქმით, ყველანაირი ინფორმაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომისიაში გახსნილ საინფორმაციო ცენტრში გამოქვეყნდება. პლიევას ინფორმაციით, ამ წუთებისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდნარეობს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამხრეთ ოსეთში 84 საარჩევნო უბანია გახსნილი და სულ 34 360 მოქალაქეა არჩევნებზე რეგისტრირებული. ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი, კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი, ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი და რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი დიმიტრი მედოევი იბრძვიან.
