პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" "გარემოს დაცვის შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებს მიუღებელს უწოდებს.
როგორც "ქართული ოცნების" განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებების პაკეტი ნოყიერ ნიადაგს ქმნის ელიტური კორუფციისთვის.
"აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას - ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და პრინციპს - კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ. ცვლილებები, ასევე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებებს"- აღნიშნულია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია შეთანხმების დადება დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, რის შემდეგაც დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ ჩაითვლება.
ამგვარი შეთანხმების საფუძველზე პირს აღარ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან და ყველა მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩაითვლება კანონიერად.
ცვლილებების მიხედვით, ასევე დაუშვებელია ხელშეკრულების მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირის შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება.
