"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და მოძრაობა "არა" რეაგირებას ითხოვენ
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და მოძრაობა "არა" რეაგირებას ითხოვენ
14:59 23.03.2012
მოძრაობა "არა" და "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" პროტესტს გამოთქვამენ კონტროლის პალატის მიერ საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო და აღნიშნულის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას გეგმავენ.
როგორც "არას" ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, მოძრაობამ კონტროლის პალატას 6 თებერვალს სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა, დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღია.
მისი განცხადებით, "არამ" კონტროლის პალატისგან მოითხოვა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებების საკვებითა და მედიკამენტებით მომმარაგებელი კომპანიების შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2003 წლიდან დღემდე მიღებული შემოწირულობების შესახებ და 2008-2010 წლის არჩევნებში ხომ არ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება. ასევე, გამოითხოვეს ინფორმაცია დეპუტატების მიერ სამივლინებო ხარჯების თაობაზე.
ჩიტაძის თქმით, მათ არაერთხელ სცადეს ტელეფონით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსთან ნათია მოგელაძესთან დაკავშირება, თუმცა, უშედეგოდ.
"მოგელაძის მიერ აღნიშნული ინფორმაციის დამალვა მის პოლიტიკურ მოტივაციაზე მეტყველებს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მოგელაძე და ბეჟაშვილი სააკაშვილის ზეწოლას განიცდიან და პოლიტიკური ანგარიშსწორებით არიან დაკავებულნი. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ - მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა "პოლიტიკური სიკვდილისგან იხსნან" - დასძინა ჩიტაძემ.

ბეჭდვა