დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე მომავალი არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა
ფილიპ დიმიტროვმა "ევროკავშირ-აღმოსავლეთის პარტნიორობის" პირველ ფორუმზე განაცხადა.
ფილიპ დიმიტროვის თქმით, დემოკრატია რთული პროცესია და მასზე მუშაობა არასდროს უნდა შეწყდეს. ამ მხრივ, რაც მეტს აღწევს ქვეყანა მით მეტი გამოწვევები აქვს.
"დემოკრატია 24 საათში არ მიიღწევა. ამ მხრივ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს რთული გზა ელით. ამ სირთულეების წინაშე საქართველოც დგას. საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, იგულისხმება მიმდინარე პროცესები" - აღნიშნა ელჩმა.
თბილისში დღეს "ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი ფორუმი გაიხსნა.
ფორუმი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.
