გიორგი ბარამიძე - დროა საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე აქტიური ზეწოლა მოახდინოს
გიორგი ბარამიძე - დროა საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე აქტიური ზეწოლა მოახდინოს
12:20 23.03.2012
საქართველოს განვითარების გზაზე ყველაზე დიდი წინაღობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტია. აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ სასტუმრო  "რედისონში", "ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველ ფორუმზე გააკეთა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა აგრძელებს ქვეყანაში რეფორმებს და ამავდროულად მნიშვნელოვან საფრთხეებს უმკლავდება.

"სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთს ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, არ ასრულებს მის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს და სამხედრო ძალის გამოყენებით ცდილობს ეთნიკური წმენდის დაკანონებას და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას" - განაცხადა ბარამიძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს სურს ურთიერთობა დემოკრატიულ სტაბილურ და პასუხისმგებლობის მქონე რუსეთთან, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს პატივს სცემს.

ბარამიძის განმარტებით, საქართველომ რუსეთთან კონფლიქტის ცალმხრივად მოგვარების ვალდებულება აიღო, რასაც რუსეთი თავს არიდებს.

მისი თქმით, საქართველო ცდილობს კონსტრუქციული იყოს, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაშიც გამოიხატა.

"პირობა მარტივია, ჩვენს ტერიტორიაზე მივესალმებით რუს ტურისტებს და არა რუს ტანკისტებს" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ბარამიძის თქმით, დროა საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ის იძულებული გახდეს პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და შეასრულოს თავის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმებები.

"ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა" - აღნიშნა ბარამიძემ.

ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების გადაჭრაში.

"ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარნიორობის" პირველი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ევროკავშირისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოური მედიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

ორდღიანი ფორუმის მონაწილეები სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ - "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონში კონფლიქტების მოგვარება, თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო საკითხის ლიბერალიზაცია და თანამედროვე განათლება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განვითარების საშუალება.

ბეჭდვა