ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის ხელახალ არჩევნებს რუსეთის, ვენესუელას და ნიკარაგუას გარდა არავინ სცნობს. ეს განცხადება "ნიუსპრესთან" საუბარში პარლამენტის
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ გააკეთა.
მისი თქმით, სანამ ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია, საერთაშორისო საზოგადოება იქ ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს არ ცნობს.
მალაშხიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე და საკუთარ სახლებში მოსახლეობის დაბრუნებამდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები უკანონოა.
25 მარტს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები გაიმართება. მასში უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი, ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი, რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი მონაწილეობენ.
