იუსტიციის სამინისტროში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სამინისტროს
ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა და გამარჯვებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს.
ანდრო გიგაურმა გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
"იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კომპონენტის განხორციელება ცოტა ხნის წინ დაიწყო, ვიმედოვნებთ ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა წარმატებული იქნება იმ არასრულწლოვანთათვის, რომლებიც ამ პროექტებში იქნებიან ჩართული" - განაცხადა ანდრო გიგაურმა.
საგრანტო კონკურსი არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულ სერვისებს კანონთან კონფლიქტში მყოფი 200 არასრულწლოვანი მიიღებს.
