სამარაში მოკლული კახიშვილის საქმეზე პარლამენტი რეაგირებას გეგმავს
სამარაში მოკლული კახიშვილის საქმეზე პარლამენტი რეაგირებას გეგმავს
13:33 22.03.2012
საქართველოს პარლამენტი სამარაში მოკლული მამუკა კახიშვილის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების ინფორმირებას აპირებს.
ჟურნალისტებთან საუბარში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ერთ-ერთი ძალოვანი უწყება კახიშვილის საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესშია.
"მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დავსახავთ გეგმას. სავარაუდოდ, მისი მთავარი მიმართულება ამ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება იქნება. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ" – განაცხადა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია დეპუტატების შეხვედრა კახიშვილის ოჯახის წევრებთან.
წიკლაურმა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, პოლიტიკური ინტერესის შემთხვევაში, ნებისმიერი სახის რეპრესიაა შესაძლებელი.
მამუკა კახიშვილი, სამარაში რუსმა მილიციელებმა გასული წელს მოკლეს. გვამს სხეულზე წამების კვალი აღენიშნებოდა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის მონაცემებით, კახიშვილის ცხედარს გული ამოცლილი ჰქონდა.

ბეჭდვა