რუსეთის არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
ეგვიპტური ტელევიზიის "ალჰაიტის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირი დასრულდა ის აღარ არსებობს, მისი საფლავიდან ამოღება და გაცოცხლება შეუძლებელია.
"იმ ფონზე, როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% დაპყრობილი აქვს, ჩვენ ახლახან რუსეთის მოქალაქეებისთვის სრულიად მოვხსენით სავიზო ბარიერები" - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილებით, საქართველოში არის ადგილები, რომლის ნახვაც არც პრეზიდენტს და არც ნახევარ მილიონ ქართველს შეუძლია.
ეგვიპტური ტელევიზიის "ალჰაიტის" ეთერში ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა საქართველოში გატარებულ პოლიციის რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.
მისი თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლების პოლიციას მოსახლეობის მხოლოდ 6% ენდობოდა, რეფორმის შემდეგ კი - 85-86%-ზე მეტი ენდობა.
