სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა "Summer job’’-ზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ 25 000 სამუშაო ადგილზე 24 965 სტუდენტი გუშინვე დარეგისტრირდა.
ამ დროისთვის დარჩენილია 35 ვაკანტური ადგილი. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს დარეგისტრირებისთვის 20 აპრილამდე ჰქონდათ დრო, ვაკანტური სამუშაო ადგილები თითქმის ერთ დღეში შეივსო.
დარეგისტრირებული სტუდენტები უნიკალურ კოდს, დამსაქმებლის მისამართს ელექტრონული ფოსტით დღეს საღამომდე მიიღებენ. ამავე ფოსტაში მითითებული იქნება იმ ბანკის ფილიალის მისამართი, სადაც სტუდენტები პლასტიკურ ბარათს მიიღებენ.
დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებლებთან და ხელშეკრულება გააფორმონ. თუ ამ პერიოდში სტუდენტი დამსაქმებელთან ხელშეკრულებას არ გააფორმებს, ის პროგრამას გამოეთიშება და გათავისუფლებულ სამუშაო ადგილზე ხელახლა გამოცხადდება რეგისტრაცია.
20 მარტს "Summer job’’-ის ვებ-გერდზე უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 277 000 სტუმარი და 124 000 უნიკალური ვიზიტორი.
