ჟურნალისტების აქციას "სახალხო კრების" წარმომადგენლები შეუერთდნენ
ჟურნალისტების აქციას "სახალხო კრების" წარმომადგენლები შეუერთდნენ
16:45 21.03.2012
ჟურნალისტების - ბექა სივსივაძის და გიორგი მამაცაშვილის მიერ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" გამართულ აქციას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად "სახალხო კრების" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მოთხოვნაა 26 მაისის ცნობილი მოვლენების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიება.
"სახალხო კრების" წევრი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ დღევანდელ აქციას საქართველოს მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი, ჟურნალისტების უმრავლესობა უნდა დასწრებოდა.
"რამდენი ჟურნალისტია თბილისში? 1000-ზე მეტი. სად არიან ეს ჟურნალისტები? ისინი მაინც ხომ უნდა მოსულიყვნენ. რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ბრალია. მეტი აქტიურობა და მხარდაჭერაა საჭირო"- განაცხადა ჯაჭვლიანმა.
"სახალხო კრების" წევრის ლუკა კურტანიძის თქმით, ჟურნალისტები არ უნდა იდევნებოდნენ და მათ საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
"ჟურნალისტებმა, ისევე, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა 26 მაისს ხელისუფლებისგან დარტყმა მიიღეს. მაგრამ თუ სხვები უბრალოდ აქციის მონაწილეები იყვნენ, ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მათ მორალური და ფიზიკური ზიანი მიიღეს, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა აუცილებელია. გამოძიებაც კი არ სჭირდება იმას, რაც 26 მაისს მოხდა. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება"- განუცხადა "ნიუსპრესს" "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა.

ბეჭდვა