ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განხორციელების ბრძანებებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასცემს.
ამის შესახებ ჟურნალისტების მიერ დღეს გამართულ აქციაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა.
გრიგოლიას თქმით, 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამოძიება არ ჩატარდება.
"ვფიქრობ დღევანდელ რეალობაში ეს გამოძიება არ შედგება, რადგან კარგად იცით ვინ გასცემს ბრძანებას ჟურნალისტების ცემასა და დაშინებაზე, ეს მიხეილ სააკაშვილია. ამიტომ ხელისუფლებისადმი პროტესტს მიმართვაზე ხელმოწერით ვაფიქსირებ" - განაცხადა გრიგოლიამ.
აქციაზე დამსწრე "ლეიბორისტული პარტიის" წევრის პაატა ჯიბლაძის თქმით, დღევანდელ აქციაზე მისვლა ყველა ადამიანის მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა ყოფილიყო.
"აუცილებელია ყველამ გამოხატოს პროტესტი ამ უსამართლობასთან დაკავშირებით. როცა ეს რეჟიმი დაემხობა, მხოლოდ მაშინ ექნებათ ჟურნალისტებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს საკუთარი საქმის თავისუფლად კეთების საშუალება" - განუცხადა "ნიუსპრესს" პაატა ჯიბლაძემ.
გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტების ბექა სივსივაძისა და გიორგი მამაცაშვილის აქციას პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს და 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიება მოითხოვეს.
