"მწვანეთა პარტია" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს ნინო ენუქიძეს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ტყუილის თქმაში ადანაშაულებს.
პარტიის ინფორმაციით, ენუქიძემ "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" 1998 წელს მიღებული კანონის გაუქმებისა და ახლის მიღების აუცილებლობის დასადასტურებელად ერთადერთი არგუმენტი მოიყვანა. კერძოდ, ის, რომ ძველი კანონით საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტ-ექსპორტი და ტრანზიტი დაშვებული იყო.
"ეს სრული სიცრუეა, რადგან რადიაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, ექსპორტი, რეექსპორტი და იმპორტი 1998 წლის კანონის ორ მუხლით პირდაპირაა აკრძალული" - აცხადებენ მწვანეთა პარტიაში.
მათივე ინფორმაციით, ეს სიცრუე კანონის ახალი ნორმების გადაფარვას ისახავს მიზნად. კერძოდ, ახალი კანონის ნორმების თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული ობიექტების, ატომური სადგურების მშენებლობა დასაშვებია. ასევე ბირთვული იარაღის, ან სხვა ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობათა ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი აღარ იკრძალება.
"მწვანეთა პარტიაში" აცხადებენ, რომ სეისმურად აქტიურ და პოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში ატომური სადგურების მშენებლობა და ქვეყნის ბირთვული ტექნოლოგიების სატრანზიტო კორიდორად გადაქცევა, რეგიონის ეკოლოგიური და პოლიტიკური უსფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
